ცენტრის 2024 წლის სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის (თემების) განხილვა-დამტკიცება

2024 წლის თებერვლის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭომ განიხილა მიმდინარე წლის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კალენდარული გეგმის პროექტები. წარმოდგენილი სამუშაოების ავტორებს მოეთხოვებოდათ კვლევებში გაეთვალიწინებინათ საკვლევი პრობლემის აქტუალობა, სიახლე, კვლევების მოსალოდნელი შედეგები, საგრანტო დაფინანსების პერსპექტივა (შესაძლებლობები), პუბლიკაციების/ კონფერენციებში მონაწილეობის სავარაუდო გეგმა და სხვ.

განსახილველად წარმოდგენილი იყო ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის აქტუალური თემატიკა, კერძოდ შემდეგი პროექტები/თემები:

  • „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების კომპლექსური (ინტეგრალური) მართვის სისტემების ფორმირების კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომები“ (გარდამავალი – 2022-2024 წწ.), ხელმძღვანელი – ნ.ჭითანავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

2022-2023 წლებში შესწავლილია საქართველოში მიწის რესურსების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) მართვის საკითხები (სამართლებრივი, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ორგანიზაციული).

2024 წელს გათვალისწინებულია კვლევები ორგანული (ეკოლოგიური) სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივების მიმართულებით (სოფლის, როგორც ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ასპექტები; სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამართლებრივი ბაზის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ცენტრალურ, დარგობრივ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე მართვის სისტემა (პროექტი) და სხვ.).

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდირებული ღირებულების განსაზღვრის ძირითადი მიმართულებები“. ხელმძღვანელი – ეკონომიკის დოქტორი ი.არჩვაძე.

განსაზღვრული იქნება საქართველოში საბაზრო ეკონომიკის მიწათსარგებლობის პრინციპები, მიწის ღირებულების სახეები და ფორმები; შემუშავებული იქნება მიწათსარგებლობის ეფექტიანობისა და ღირებულების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებები (სოფლის თემის სტატუსის განსაზღვრა, კოოპერირებისა და მიწების პარცელიზაციის დაძლევის პროცესი, სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლის ნეგატიური მაკროეკონომიკური შედეგების ფაქტორები).

  • „დასავლეთ საქართველოს მინერალური რესურსების რაციონალური ათვისების პერსპექტივები (სამრეწველო და რეგიონული სამთო-სამრეწველო კლასტერების პოტენციალის შეფასების და ფორმირების პირობებში)“. (გარდამავალი – 2024-2026 წწ.). ხელმძღვანელი – გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი ნ.ფოფორაძე.

2024 წელს ჩატარდება კვლევები დასავლეთ საქართველოს რეგიონების მინერალური რესურსების, მათი მარაგების და საბადოების დახასიათებისა და შეფასების მიზნით; მოხდება სამრეწველო და რეგიონული კლასტერების დახასიათება და ანალიზი.

  • „საქართველოს საირიგაციო სისტემების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (გსს) შექმნა“ (გარდამავალი – 2024-2025 წწ.). ხელმძღვანელი – გეოგრაფიის დოქტორი ვ.გელაძე.

2024 წელს გათვალისწინებულია საინფორმაციო სისტემის საფუძვლის შექმნა (1:500000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა); საინფორმაციო სისტემის კარტოგრაფიულ ატრიბუტებში (წერტილოვანი, წრფივი, პოლიგნალური) არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის (რიცხობრივი, ტექსტური, გრაფიკული) ჩატვირთვა.

  • ტყეების მდგრადი განვითარების პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“ (გარდამავალი – 2022-2026 წწ.). ხელმძღვანელი – სოფლის მეურნეობის დოქტორი თ.პატარქალაშვილი.

2024 წელს შესწავლილი იქნება ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და მისი როლი სასურსათო პროდუქტების გაზრდაში; ტყის რეკრეაციული რესურსების მნიშვნელობა და როლი.

  • „მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება“ (გარდამავალი – 2024-2025 წწ.). ხელმძღვანელი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნ.მირიანაშვილი.

2024 წელს გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების დამუშავება: თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე და საქართველოს ენერგოსექტორი; დასავლეთის სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს ადგილი ახალ საერთასორისო სისტემაში; ჩინეთის გლობალურ პროექტთან „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ მიმართებაში საქართველოს ენერგოპოლიტიკა; განახლებადი  ენერგიების და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივები საქართველოში; კლიმატის ცვლილების გავლენა ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალზე; ენერგომოხმარება და ენერგოდაზოგვის პოტენციალი საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოებში.

  • „ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასების საზღვარგარეთული გამოცდილება“. ხელმძღვანელი – ეკონომიკის დოქტორი ნ.გრძელიშვილი.

გათვალისწინებულია მასალების მოპოვება, სისტემატიზაცია, შეჯერება, ანალიზი, კვლევის შედეგების გამოცემა მონოგრაფიის ფორმატით (აღნიშნული თემა ფაქტობრივად წარმოადგენს კვლევითი პროექტის მეორე ეტაპს, რომლის ფარგლებშიც მომზადდება შესაბამისი მონოგრაფიის (ტრილოგიის) მე-2 ნაწილი, რომლის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 2022 წელს გამომცემლობა „მწიგნობარში“ (244 ფ.), სახელწოდებით „ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, ნაწილი პირველი – ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები“).

  • „დასაქმების პრობლემების რეგიონული თავისებურებები (მაკროეკონომიკური ანალიზი)“. ხელმძღვანელი – ეკონომიკის დოქტორი ნ.გრძელიშვილი.

ჩატარდება კვლევები შემდეგი მიმართულებით: რეგიონის მაკროეკონომიკური ანალიზი; უმუშევრობა – სიღარიბის გამომწვევის ძირითადი მიზეზი; ფრიქციული, სტრუქტურული, ციკლური, სეზონური, ფარული უმუშევრობა; უმუშევრობის ძირითადი მაჩვენებლები (რიცხოვნობა, ხანგრძლივობა, დონე, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურა, შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი, უმუშევრების შემადგენლობა სოციალური ჯგუფების მიხედვით).

  • „საქართველოს მხარეების ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ელექტრონული პლატფორმის შემუშავება“. ხელმძღვანელი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზ.ლომსაძე.

გათვალისწინებულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის დამუშავება რეგიონების/მხარეების მიხედვით და განთავსება ელექტრონულ პლატფორმაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის/ მხარეების რესურსული პოტენციალის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ფორმით მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს. კვლევის ობიექტს წარმოადგენს ქვეყნის მხარეები: კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი.

გათვალისწინებულია რესურსების იერარქიული სტრუქტურის ფორმირება; ფაქტოგრაფიული და კარტოგრაფიული მონაცემების მოძიება-დამუშავება; ტექსტური ინფორმაციის მომზადება; საინფორმაციო სისტემის მენიუს დამუშავება; ინფორმაციის განთავსება საიტზე. სამუშაო ჩატარდება ეტაპობრივად გაწერილი შესრულების ვადების შესაბამისად.

  • „ინოვაციური პრაგმატიზმი – ქვეყნის განვითარების არსებითი ფაქტორი“. ხელმძღვანელი – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი გ.თალაკვაძე.

თემა შეეხება მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე გლობალურ პროცესებსა და გამოწვევებს. კვლევები დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ინოვაციური პრაგმატიზმის არსი და სტრუქტურა; ახალი გლობალური კონფიგურაციების ფორმირების პროცესი; ინოვაციური ეკოსისტემების მახასიათებლები და ძირითადი გამოწვევები.

სამეცნიერო საბჭოზე თემატიკის განხილვა მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმით, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოს წევრები, თემების ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი შემსრულებლები. განხილვის შედეგად დამტკიცდა ცენტრის 2024 წლის სამეცნიერო-კვლევითი თემატიკა (თემები) გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება კვლევების შუალედური (ნახევარი წლის) ანგარიშების მოსმენის შესახებ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს.

 

ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე,

ქიმიის დოქტორი                                                                            ოთარ ფარესიშვილი

15 მარტი 2024 წ.