ქალბატონი ქეთევან მახარაძე დაიბადა 1935 წლის 3 მაისს ქ. თბილისში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. მშობლები მუშაობდნენ დასაწყისში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში: დედა – ელენე კიკნაველიძე ქიმიური ლაბორატორიის უფროსად, ხოლო მამა – გერმანე მახარაძე ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივნად. 30-იანი წლების ბოლოს მამა გადაიყვანეს ბორჯომის წყლის საჩამოსხმო ქარხნის დირექტორად, საიდანაც წავიდა მოხალისედ მეორე მსოფლიო ომში და უგზოუკვლოდ დაიკარგა ქერჩთან ბრძოლების დროს 1942 წელს. დედა სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში ძვირფასი მეტალების სასინჯ-მეთვალყურეობის ინსპექციის უფროსად. გარდაიცვალა 1975 წელს.
1952 წელს ქეთევან მახარაძემ დაამთავრა ოქროს მედალზე ქ.თბილისის ქალთა მეორე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1957 წელს ელექტრო-ქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით. იმავე წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო თბილისის სახეხი ჩარხების მშენებელ ქარხანაში, ქიმიურ ლაბორატორიაში.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ქეთევან მახარაძეს ჰქონდა ბედნიერება ემუშავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების რაფიელ აგლაძის, არჩილ ძიძიგურისა და ირაკლი ჟორდანიას ხელმძღვანელობით.
იგი იყო აკადემიკოს რაფიელ აგლაძის სტუდენტი, შემდეგ ასპირანტი და მისი ხელმძღვანელობით მოამზადა და დაიცვა დისერტაცია 1974 წელს, რომელიც ეხებოდა ზესუფთა მანგანუმისა და მისი შენადნობების გამოყენებას ზღვის კოროზიისაგან მეტალების დაცვის მიზნით და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პერიოდი ქეთევან მახარაძის ბიოგრაფიაში. მან აკადემიკოსს ნიკოლოზ ლანდიას რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო სწავლულ მდივნად ახლად დაარსებულ საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიაში აკადემიკოს არჩილ ძიძიგურთან, რომელიც იმავე დროს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი.
1997 წელს, აკადემიკოს არჩილ ძიძიგურის გარდაცვალების შემდგომ, კომისის თავმჯდომარედ დაინიშნა აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, რომელმაც კომისიის ბაზაზე ჩამოაყალიბა ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი. ქეთევან მახარაძე იყო ცენტრის სწავლული მდივანი 30 წლის მანძილზე, შემდეგ კი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი საქართველოს წყლის რესურსების შესწავლისა და რაციონალური გამოყენების დარგში. ამჟამად მუშაობას აგრძელებს საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, პროფ. ზურაბ ლომსაძის ხელმძღვანელობით.
ქეთევან მახარაძეს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის თანაავტორობით – 14 მონოგრაფია.
მეუღლე – ზურაბ აბულაძე, მეტალურგი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მათ შორის რუსთავის ფოლადჩამომსხმელი ქარხნის დირექტორად; გარდაიცვალა 2007 წელს. ქეთევან მახარაძეს ჰყავს ორი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი.
2014 წელს ქეთევან მახარაძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი, ხოლო 2023 წელს – სტუ-ის საპატიო დიპლომი.
სტუ-ის ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ადმინისტრაცია და მთელი შრომითი კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ქეთევანს და უსურვებს კიდევ დიდხანს ყოფნას ქართული მეცნიერების სამსახურში.
ცენტრის კოლექტივის სახელით,
დირექტორი, ტმდ., პროფესორი, ზურაბ ლომსაძე
2025 წლის 3 მაისი